როგორც ცნობილია, საქართველოს გაერთიანებისთვის ბრძოლის პირველი ეტაპი სამეფო ტახტზე ბაგრატ III-ის (975-1014 წ.წ.) ყოფნას უკავშირდება. მის მეფობასთანაა დაკავშირებული ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენა, როგორიცაა საქართველოს ეკლესიის წინამძღვრისთვის პატრიარქის ტიტულის მინიჭება. საქართველოს პირველი კათოლიკოს-პატრიარქი ბაგრატ III-ის უახლოესი ნათესავი მელქისედეკ I ხდება, რომელიც საქართველოს ეკლესიის მეთაურად 1010-1033 წლებში გვევლინება. სწორედ მის მოღვაწეობასა და სახელს უკავშირდება სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის მესამე და ყველაზე მასშტაბური მშენებლობა. 
სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათალიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.

1813 წლის 30 ოქტომბერს ექზარქოს ვარლაამის დროს განახლებულ იქნა სვეტიცხოვლის კარიბჭე, რასაც ადასტურებს ეპიგრაფიკული წარწერა.

1826 წლის 1 მაისს ჩამოიქცა სვეტიცხოვლის გალავანში არსებული სამრეკლო, ნანგრევებში მოყვა გალავნის კედელთან მდგარი საცხოვრებელი სახლი, რის შედეგადაც დაიღუპა 8 წლის ბავშვი. 1827 წელს თბილისის სამხედრო გუბერნატორმა, გენერალმა სიპიაგინმა, რუსეთის იმპერიის მთავარი შტაბის უფროსს წარუდგინა მოხსენება – გორისა და დუშეთის მაზრებში შექმნილი მდგომარეობის მიმოხილვა. გუბერნატორი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ ხსენებულ მაზრებში სერიოზულად იყო დაზიანებული ეკლესიები, მათ შორის სვეტიცხოველიც. 1828 წლის 30 იანვარს, რუსეთის წმინდა სინოდის დადგენილებით საქართველოს ეგზარქოს, მიტროპოლიტ იონას დაევალა საქართველოში არსებული ტაძრების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის წარდგენა. 1828 წლის 28 თებერვალს მიტროპოლიტმა იონამ წმინდა სინოდს ჩააბარა ანგარიში საქართველოში საეკლესიო ვითარების შესახებ. 1828 წლის 24 მაისს რუსეთის წმინდა სინოდის ბრძანებულებით მიტროპოლიტ იონას დაევალა შეედგინათ სვეტიცხოვლის ტაძრის არსებული გეგმა, გადაეხატათ ფასადები და ასევე წარედგინათ ნახაზების სახით ტაძრის საბოლოო მდგომარეობა თავისი ხარჯთაღრიცხვით. 1833 წელს საქართველოს ეგზარქოსის, მთავარეპისკოპოს ევგენის მიერ წმინდა სინოდისთვის წარდგენილი იყო სვეტიცხოვლის განახლებისა და ახალი სამრეკლოს აშენების ხარჯთაღრიცხვები და გეგმა-ანახაზები. სვეტიცხოვლის რესტავრაციის პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია შეადგენილი იყო ინჟინერ-პორუჩიკ ყორღანოვის მიერ. საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ ყორღანოვის შედგენილ პროექტში აღმოაჩინა რიგი უზუსტობები, რომელთა აღმოფხვრა დაავალა სინოდალური კანტორის არქიტექტორს ფ. რიპარს1837 წელს სვეტიცხოვლის განახლება წმინდა სინოდის თანხმობით, საქართველო-იმერეთის სინოდალურმა კანტორამ გადასცა „საჯარო ვაჭრობით“ (ტენდერში) გამარჯვებულ თბილისის მოქალაქეს – ხეჩო დარჩილოვს, რომელმაც განახლებაში ყველაზე დაბალი 28696 მანეთი მოითხოვა მოიჯარადრის უფლების მოპოვებისთვის და სამუშაოსაც შეუდგა. არსებული წესის მიხედვით, ხეჩო დარჩილოვმა გირაოში ჩადო მისი კუთვნილი 2 საცხოვრებელი სახლი და დუქანი თბილისში, ასევე, სხვა უძრავი ქონება. 1837 წლის 14 ივნისს გაფორმებული კონტრაქტის მიხედვით, სარესტავრაციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. აქედან პირველ წელს უნდა მოეშალა სამხრეთი და ჩრდილოეთი მინაშენები, ასევე გამოეცვალა გადახურვა (გუმბათის გარდა). მეორე წელს უნდა დაესრულებინა ყველა გარე და ნაწილობრივ შიდა სამუშაოები. მესამე წელს კი შიდა სამუშაოები უნდა მიეყვანა ბოლომდე. ყველა ეს სამშენებლო პროცესი დარჩილოვს უნდა ეწარმოებინა სინოდალური კანტორის მიერ შექმნილი სამშენებლო კომიტეტის მეთვალყურეობის ქვეშ. აღდგენითი სამშენებლო სამუშაოები დათქმულ ვადებში არ დასრულდა, მხოლოდ 1842 წლის 24 აგვისტოს ხეჩო დარჩილოვმა სინოდალურ კანტორას განუცხადა სამუშაოების დასრულების თაობაზე. სპეციალურმა კომისიამ, რომელსაც დაევალა დარჩილოვის მიერ გაწეული სამუშაოების შესრულების ხარისხი, 1842 წლის 27 ნოემბერს წარმოადგინა ანგარიში, სადაც ჩამოთვლილი იყო დასასრულებელი სამუშაოები. სინოდალურმა კანტორამ დარჩილოვს სამუშაოების დასასრულებლად 1843 წლის ზაფხულამდე მისცა ვადა. სინოდალურმა კანტორამ შექმნა სპეციალური კომისია, რომელსაც უნდა დაედგინა ეკლესიიაში ბათქაში ცვენის მიზეზები. 1844 წლის 6 მაისს კომისიამ დაასკვნა, რომ ბათქაში ცვიოდა ნესტის გამო, როლის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად სახურავიდან ჩასული წვიმის წყალი უნდა ყოფილიყო. არქიტექტორმა ფ. რიპარმა დადო თავისი დასკვნა, რომ ტაძრის შიგნიდან შეთეთრების გაგრძელება უაზრობა იყო იმის გამო, რომ ზოგი ნაწილი განსაკუთრებით ჩრდილო-დასავლეთი მხარე მუდამ ნესტიანი იყო მასზე მზის სხივების ნაკლები მოხვედრის გამო. დარჩილოვმა დარჩენილი სამუშაოები დაასრულა 1845 წლის გაზაფხულზე, თუმცა სახურავი მაინც დაუსრულებელი დატოვა, საიდანაც აგრძელებდა წვიმის წყალი დენას. აღნიშნული საქმის სისრულეში მოყვანა დაევალა სოლომონ დარჩილოვს, მამამისის — ხეჩო დარჩილოვის გარდაცვალების გამო. 1900-იან წლებში გრაფინია პ. უვაროვას თავჯდომარეობით შედგა საგანგებო კრება, რომელსაც ესწრებოდა ქართული არქიტექტორები და სასულიერო პირები. კრებაზე გადაწყდა ტაძარი გადაეხურათ თლილი ქვით.

არქიტექტურა

სვეტიცხოვლის ტაძარი გეგმით აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ძლიერ წაგრძელებული სწორკუთხედია. ჯვრის სახე სივრცეშია შექმნილი გუმბათის ოთხივე მხარეს გაწვდილი ოთხი მკლავით. მკლავები სწორკუთხაა, გარდა აღმოსავლეთის მკლავისა, რომელიც საკურთხევლის აფსიდით არის დაბოლოებული. საკურთხევლის სამხრეთითა და ჩრდილოეთით ორ სართულად განლაგებულია სათავსოები. გუმბათი ოთხ მძლავრ ბოძს ეყრდნობა, გუმბათის ყელში 16 სარკმელია. მიუხედავად იმისა, რომ ტაძარმა მრავალი ცვლილება განიცადა, ძველი ფრესკების დიდი ნაწილი დაიღუპა, ხოლო კედლების შეთეთრებამ ინტერიერს გამოაკლო მისი მხატვრული მთლიანობისათვის აუცილებელი სხვა ორგანული ელემენტებიც, იგი დღესაც დიდებულ შთაბეჭდილებას ტოვებს.














0 comments:

Post a Comment