სტალინის ეპოქაში კონსტანტინე გამსახურდიას ფიზიკური ყოფნა-არყოფნის საკითხი რამდენჯერმე დაისვა. ჩვენი რესპონდენტი, ფილოლოგი, პროფესორი სოსო სიგუა სწორედ ამ პერიოდებზე გვესაუბრება. 
სოსო სიგუა: კონსტანტინე გამსახურდია დათანხმდა ბერიას შემოთავაზებას, დაეწერა რომანი ბელადის ცხოვრებაზე, თუმცა შიში გამოთქვა – როგორ შევძლებ ასეთ დიდ თანამედროვეზე წიგნის დაწერასო. იმ სიტუაციაში, რეპრესიების ფონზე, ეს წინადადება მწერლისთვის გადარჩენის შანსი იყო, მაგრამ, განა ბერია ამ შანსს მისცემდა „მთვარის მოტაცება” რომ არ ჰქონოდა დაწერილი?! სტალინს ხომ ყველას არ ანდობდნენ. 
შემოდგომაზე ცნობილი გახდა, რომ კონსტანტინე წერდა რომანს „ბელადი”, გიორგი ლეონიძე პოემას „ბავშვობა და ყრმობა”, შალვა დადიანი – პიესას „ნაპერწკლიდან”, დემნა შენგელაია – მოთხრობას  „ყრმობა”. ერში მათ, სანამ ბერიას პოზიცია მტკიცე იქნებოდა, ხელს არ ახლებდნენ.
დეკემბერში, ბერია, როგორც სტალინის მითითებათა ზუსტი აღმსრულებელი, ისევ თავს დაესხა ინტელიგენციას, მაგრამ, კონსტანტინე არც ავად უხსენებია, არც კარგად... 
გამსახურდიას ორი წელი ჰქონდა მიცემული პირობის შესასრულებლად, მაგრამ მაშინვე „ბელადის” წერა არ დაუწყია, ჯერ დაწერა „ხოგაის მინდია”, ექვსი თვის შემდეგ კი – „დიდოსტატის მარჯვენა”.  „დიდოსტატის მარჯვენა” გამაოგნებელი ფაქტი იყო, რადგან ასე სწრაფად ასეთი რომანის დაწერას არავინ ელოდა. მწერალთა კავშირზე ვალერიან გაფრინდაშვილმა გამსახურდიას „ჯადოქარი“ უწოდა ამ წიგნის გამო. თითქოს მწერალს საფრთხე აღარ ემუქრებოდა, მაგრამ რეპრესიები მის გარშემო გრძელდებოდა: 1937 წელს მწერლის ორი ძმა დააპატიმრეს და დახვრიტეს. კონსტანტინეს კი მოთმინებით უნდა აეტანა ეს და საყვედურის სიტყვაც არავისთან არ უნდა დასცდენოდა. ასევე მოექცნენ გიორგი ლეონიძეს. თვალთვალი, დასმენა და ფარული შესწავლა ისევ გრძელდებოდა. თუმცა, გამსახურდია პოლიტიკაზე არსად საუბრობდა, ხელისუფლებას მხოლოდ აქებდა და ამბობდა, ბერიამ გადამარჩინა, მისი დიდი მადლობელი ვარ, ეჟოვს ჩემი დაპატიმრება უნდოდაო. ამასვე ადასტურებდნენ სუკის აგენტებიც... ბერიამ კონსტანტინეს შესახებ ყველაფერი ზუსტად იცოდა. იცოდა, რომ იგი ემადლიერებოდა მას... 
1938 წლის 2 ოქტიმბერს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა გოგლიძემ ეჟოვსა და ბერიას გაუგზავნა მოხსენებითი ბარათი, თითქოს აღმოაჩინეს ახალი კონტრრევოლუციურ-ფაშისტური ორგანიზაცია და ითხოვდა სანქციას, რათა დაეპატიმრებინათ: კონსტანტინე გამსახურდია, გიორგი ახვლედიანი, პავლე ინგოროყვა, მიხეილ ზანდუკელი...
– რა მოჰყვა ამას?
– ბერიამ ამ ბარათს მსვლელობა არ მისცა – ის სტალინს არ მიუღია.
მომდევნო წელს კი გამოიცა ტრილოგია „ბელადის” პირველი წიგნი. 
– როგორ მიიღო წიგნი ქვეყნის პირველმა პირმა?
– ის სტალინს არ მოეწონა, ძირითადად, გამოგონილი პერსონაჟებისა და ჭარბი ნაციონალიზმის მიზეზით. მიუხედავად ამისა, მიზანი მიღწეული იყო – ფაშისტად, შოვინისტად, გერმანიის აგენტად შერაცხილმა მწერალმა დაიწყო პროლეტარიატის ბელადის ცხოვრების მხატვრულად ასახვა.
ბერიამ სიმონ ჯანაშიას ურჩია, „დიდოსტატის მარჯვენა” პირადად გადაეცა სტალინისთვის. ჯანაშია ბელადის ახლობელი და მწერლის მეგობარი იყო. სტალინს ერთ ღამეში წაუკითხავს ეს რომანი, დილას კი ბერიასთვის უთქვამს: რა შესანიშნავი მწერალი ყოფილა გამსახურდია, მე ეს არ ვიცოდიო.
– მომდევნო წლებში რა ხდება?
– მომდევნო წელსაც, ქართველ მწერალთა ყრილობაზე კონსტანტინე ისევ განადიდებდა სტალინსა და ბერიას – პარტიის „რკინის ცოცხი” საჭიროაო. მაგრამ, მოხდა ისე, რომ „მთვარის მოტაცებისა” და „დიდოსტატის მარჯვენის” ავტორი მწერალთა კავშირის 27-წევრიან გამგეობაში ვერ მოხვდა – იგი გააშავეს! ამის შემდეგ მწერალთა წინაშე ახალი პერსპექტივა გამოჩნდა: ნიჭიერ და ერთგულ მწერლებს უნდა ებრძოლათ სტალინური პრემიის მოსაპოვებლად. კონსტანტინე, როგორც „ბელადისა” და „დიდოსტატის” ავტორი, უპირველესი კანდიდატი იყო, მაგრამ, საჭირო გახდა ამ წიგნების რუსულად თარგმნა. ამის გამო მწერალი რამდენჯერმე ჩავიდა მოსკოვში. მას ეხმარებოდნენ პეტრე შარია და შალვა წერეთელი. 
– რა თანამდებობა ეკავათ ამ ადამიანებს?
– შარია ცეკას პირველი მდივანი იყო, წერეთელი კი – შინსახკომის გენერალი.
1942 წლის აგვისტოში საქართველოს გერმანელები მოადგნენ. ასეთ დროს, სასტუმრო „ინტურისტში” ბერიას დავალებით შეხვდნენ ჩეკისტი გენერალი საჯაია, სახკომსაბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და შინსახკომის სპეცდავალებათა საიდუმლო სამმართველოს უფროსი, გენერალი სუდოპლატოვი. შინსახკომის იდეა იყო, დამარცხების შემთხვევაში საქართველოში გაეშალათ ანტიგერმანული მოძრაობა და მის ხელმძღვანელად ევარაუდათ კონსტანტინე, როგორც გერმანისტი და ცნობილი მოღვაწე, მაგრამ მწერალმა პოლიტიკისადმი ინტერესი არ გამოავლინა, უფრო ისტორიაზე, ლიტერატურასა და თავის რომანებზე ისაუბრა.
სუდოპლატოვმა კონსტანტინეს კანდიდატურა უარყო. ამის შემდეგ, როგორც კი ქვეყანაში ვითარება გამოსწორდა, ისევ დაიწყო სტალინური პრემიის მარათონი.
1944 წელს კონსტანტინე გამსახურდია აკადემიკოსად  აირჩიეს და სხვებთან ერთად წარადგინეს სტალინურ პრემიაზე, როგორც „დიდოსტატის მარჯვენისა” და „დავით აღმაშენებლის” პირველი ნაწილის ავტორი. მაგრამ, სტალინური პრემიის 29 წევრიდან ხმა მისცა მხოლოდ ათმა. 
– ამჯერადაც არ გაუმართლა?
– მწერალმა დახმარება სთხოვა სერგო ქავთარაძეს – მოლოტოვის მოადგილეს, მან კი ბერიას შეატყობინა. ქავთარაძის სარეკომენდაციო ბარათს ლავრენტი ბერიამ ასეთი რეზოლუცია დაურთო: „პროშუ ზაინტერესოვატსია. ლ. ბერია. 1944” ერთი თვით ადრე, სასტუმრო „მოსკვადან” მწერალი თავადაც სწერდა ბერიას, უხსნიდა თავის მდგომარეობას, რომ იანვარში უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ, არ ჩამოვიდა, რადგან იტყოდნენ, ლავრენტისთან „ჩააწყოო“. განმარტავდა, რომ პრემიის საკითხი უკავშირდებოდა საქართველოს ისტორიის უდიდეს გმირს და არა ავტორის პატივმოყვარეობას. კონსტანტინე სთხოვდა, საქმეში ჩარეულიყო, ვიდრე სტალინი გადაწყვეტილებას დაამტკიცებდა. ცეკას მდივანმა, მალენკოვმა რეცენზია დააწერინა აგიტაციისა და პროპაგანდის სამმართველოს უფროსს, გიორგი ალექსანდროვს (შემდგომში აკადემიკოსს, კულტურის მინისტრს). ალექსანდროვმა კომიტეტის გადაწყვეტილება არასწორად მიიჩნია და გამსახურდიას რომანები ქებით მოიხსენია. თითქოს საკითხი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კონსტანტინე ლაურეატთა სიაში არ აღმოჩნდა, თუმცა, მისი პროპაგანდა გაძლიერდა. 
შემოდგომაზე მწერალი კვლავ ეწვია მოსკოვს, კვლავ გამოიცა მისი „დიდოსტატის მარჯვენა” და „დავით აღმაშენებლის” პირველი წიგნი. 1945 წელს, თებერვალში, კვლავ წარადგინეს სტალინურ პრემიაზე. მწერალს დიდ ყურადღებას აქცევდნენ: წინა წელს, ბერიას წინადადებით, მიქოიანმა მწერალს გამოუყო ახალი ამერიკული „ვილისი“, რომელიც კონსტანტინემ ნაღდი ანგარიშსწორებით იყიდა. ავტომობილი მწერალს გადმოსცა რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ, რაც მაშინ უდიდეს საჩუქარს უდრიდა. 1 მარტს ბერიას გამსახურდიამ გაუგზავნა „დავითის” თარგმანი და ბარათიც გააყოლა: „გთხოვთ, მიიღოთ ეს წიგნი, როგორც დიდი განცვიფრების, პატივისცემისა და სიყვარულის მცირე ნიშანი”. თან, გაახსენა, რომ „მთვარის მოტაცებაში“ შენიშნა „მისი ვარსკვლავის გამოჩენა”. სტალინურ პრემიაზე სიტყვა არ დაუძრავს.... ცხადი იყო, რომ პრემიას სტალინი არ აძლევდა. კონსტანტინემ საბოლოოდ ჩაიქნია ხელი სტალინურ პრემიაზე.  
ამის შემდეგ მწერალს, როგორც მთელ ინტელიგენციას, ახალი საფრთხე ელოდა. 1946 წელს „ჟდანოვშინამ” წალეკა საბჭოთა ლიტერატურა.
ბერია აღარ იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. იგი, როგორც სტალინის მოადგილე, მარშალი და პოლიტბიუროს წევრი, სათავეში ედგა საბჭოთა ატომის შექმნის კომიტეტს და, არც ლიტერატურა აინტერესებდა, არც კონსტანტინე და არც რომელიმე ახლობელი, ვინც კი ხელს შეუშლიდა, როგორც ფრთხილ და პრაგმატიკოს პოლიტიკოსს შეჰფერის. გავიხსენოთ ასეთი ფაქტი: ბერიას ინიციატივით ბელორუსიის შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნული იყო ლ. ცანავა.  1947 წელს, მოსკოვში გაუპატიურების ბრალდებით, დააკავეს მისი ვაჟი. ცანავამ დახმარება სთხოვა ბერიას, მაგრამ მან უარი უთხრა. ცანავას ვაჟი გაათავისუფლეს უშიშროების მინისტრის – აბაკუმოვისა და ცეკას მდივნის – კუზნეცოვის ხელშეწყობით.
ბერიას მითითებით, გამსახურდიას ისევ ხელს უწყობდნენ ცეკას პირველი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი და სხვა პირველი პირები. მაგრამ, ვითარება სწრაფად იცვლება: იგივე ჩარკვიანი, ავქსენტი რაფავასთან ერთად, სტალინს გაგრაში ეწვია და გამსახურდიას დაპატიმრების სანქცია ითხოვა – ფაშისტური ორგანიზაციის წევრი აღმოჩნდაო. ამგვარი ჩვენებები მართლაც არსებობდა, რომელიც მწერალს წამების შედეგად დააწერინეს. სტალინმა ბერიას გადახედა და თქვა: გამსახურდია უნდა აილაგმოს, მაგრამ, არა შენებური მეთოდითო – ანუ, დაპატიმრების ნება არ მისცა.
– ამჯერადაც გადარჩა?
– გამსახურდია მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან გარიცხეს, პრესაში აკრიტიკებდნენ, რუსული ტომეულების გამოცემა შეუწყვიტეს, მოსკოვმა ავანსად გაცემული ჰონორარი („დავითის“ მეორე წიგნზე) დააბრუნებინა, შემდეგ ერთი მთარგმნელი წაჰკიდეს, მძღოლი გაუქციეს... ერთადერთი, რასაც ჯერ არ ეხებოდნენ, იყო აკადემიკოსობა. მაგრამ, განსაცდელს განსაცდელი ემატება. სტალინმა ახალი თავსატეხი გაუჩინა ქვეყანას მეგრელთა საქმის სახით.
ცეკას პირველი მდივანი, აკაკი მგელაძე, პარტიის ყრილობაზე გამსახურდიას აკრიტიკებდა. არქაიზმებით დაანაგვიანა ქართული ენა, ბატონკაცურად იქცევაო. ქვეტექსტი იყო, რომ მეგრელი გამსახურდია უდიერად ექცეოდა ქართულ ენას, აქედან მეგრელთა საქმემდე კი ერთი ნაბიჯი იყო. კვლავ მოითხოვეს გამსახურდიას დაპატიმრება, მაგრამ სტალინმა ამჯერადაც უარი განაცხადა. 
– რა ხდება სტალინის გარდაცვალების შემდეგ?
– სტალინის გარდაცვალების შემდეგ ბერია სამი თვით იქცა ქვეყნის მმართველად. კონსტანტინემ მას ისევ შეახსენა თავი: პეტრე შარიას დაურეკა – მოსკოვში წიგნს მიცემენ და ჰონორარი გამიორმაგეთო. შარიამ უარი უთხრა, თუმცა მისი დანაბარები სრულად გადასცა ბერიას. გაჩერდეს, თორემ კიდევ ერთხელ დავაპატიმრებთო – შეუთვალა ბერიამ, თუმცა, თხოვნა მაინც შეუსრულა. მოგეხსენებათ, 1953 წლის 26 ივნისს დასრულდა ბერიას კარიერა. 3 და 18 ივლისს მწერალთა კავშირში გაიმართა კრებები, სადაც ზიზღით ახსენებდნენ „საბჭოეთის უბოროტეს მტერს” – ლავრენტი ბერიას. გამსახურდია არც ერთ კრებაზე სიტყვით არ გამოსულა. გენერალ სუდოროვის სიტყვებით, ბერიასთან სიახლოვე ახლა მას დანაშაულად ჩაუთვალეს და მწერალს ახალი საფრთხე დაემუქრა. სუკის გენერალი ირაკლი ნიბლაძე და საიდუმლო ინფორმატორები სასწრაფო ჩვენებებს იძლეოდნენ, რომ ბერია მფარველობდა ქართველ ნაციონალისტებსა და ფაშისტური ორგანიზაციის წევრებს: კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი წერეთელს, შალვა ნუცუბიძეს, ნიკო კეცხოველს, სიმონ ყაუხჩიშვილს. მათ პასუხი უნდა ეგოთ. 
1954 წლის 12 მაისს საქართველოს სუკის თავმჯდომარემ, ალექსი ინაურმა, ლუბიანკას გაუგზავნა მასალები კონსტანტინეზე – 1913 წლიდან გერმანიის აგენტი, ანტისაბჭოთა ორგანიზაციების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, ამჟამად კი კავშირი აქვს ინგლისის დაზვერვასთან, მაგრამ, შემოწმება ვერ მოვახერხეთო.  დოკუმენტურად მტკიცდება მწერლისადმი ბერიას მხარდაჭერა და მისადმი კონსტანტინეს პატივისცემაო. ამის გამო 26 მაისს დაკითხეს პატიმარი ავქსენტი რაფავა, საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი, რომელიც მალე დახვრიტეს. 13 და 20 ივლისს პეტრე შარიაც დაკითხეს (12 წელი მიუსაჯეს). მან დაადასტურა: მოსკოვში ბერია იღებდა კონსტანტინეს, ხოლო თბილისში ჩარკვიანი ეხმარებოდა. ეშმაკი კაცია, ამბიციური, თავს ისე გვაჩვენებდა, ვითომ მხარს გვიჭერდაო... მაგრამ, ისეთი ფაქტი ვერ დაასახელა, რომ მწერალი დამნაშავედ ეცნოთ. თბილისში გამართულ ჩეკისტების სასამართლო პროცესზე კონსტანტინე რამდენჯერმე გამოიძახეს, როგორც მოწმე.
ლავრენტი ბერია საბჭოთა სახელმწიფოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო – პოლიტბიუროს წევრი, სახალხო კომისარი და სტალინის მოადგილე და მასთან ურთიერთობა მწერალს დანაშაულად ვერ ჩაეთვლებოდა. ამიერიდან კონსტანტინე გამსახურიდია ლავრენტი ბერიას აღარ ახსენებდა და თუ ზოგჯერ მაინც დასცდებოდა მისი სახელი – მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. 

0 comments:

Post a Comment