დიდოსტატის მარჯვენა“ ჩემი შეუცვლელი სამაგიდო წიგნია. მახსოვს ეს წიგნი მე-7 კლასში წავიკითხე პირველად, მაგრამ ბევრი ვერაფერი გავიგე, მეორედ მეათე კლასში, ხოლო მაშინ, როცა ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა თითოეული დეტალი დაგვამუშავებინა, ვფიქრობ არც ეს იყო საკმარისი ტექსტის სრულყოფილად გასააზრებლად.  ის ემოცია დღემდე არ გამნელებია, რაც პირველად წაკითხვით მივიღე. ავაჭრელე ფურცლები წარწერებით და ყველა სიტყვაში საკუთარი განცდა ჩავაქსოვე. ჩემს  აზრებს ფურცლებს ვანდობდი და ვინახავდი…მიუხედავად იმისა,რომ ნაწარმოების მთავარი გმირი არსაკიძე იყო და არა მეფე გიორგი, როცა ამას თავად კონსტანტინეც ამბობდა, მე რატომღაც სასწორზე ვდებდი ამ ორ პერსონაჟს და მაინც გიორგი მეფე ჩრდილავდა უტას…„ მიყვარდა იგი - ორ კურაპალატს შორის გამოსრესილი მეფე… რომელსაც მატიანე უწოდებს „უშიშოს, ვითარცა უხორცოს“, 12 წლისას დაადგეს თავზე სამეფო გვირგვინი, სათამაშოების ნაცვლად სკიპტრა შეაჩეჩეს ხელში. სიყრმიდანვე მიუცია ჭაბუკ მეფეს საქართველოს ერთიანობისთვის, მისი დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ფიცი…ბავშბობადაკარგული მეფისადმი სიბრალული თავიდანვე  გამიჩნდა და მის ყველა ნაბიჯში დადებითს ვეძებდი, სიყრმიდანვე მხრებზე სამშობლოს ბედზე ზრუნვა დააწვა, აბა, როგორ იქნებოდა ყმაწვილის ცხოვრება ლაღი და ბედნიერი? ბუნებით მდუმარესა და იდუმალებით მოსილ გიორგის არ ასვენებს ღრმა განცდანი და მძაფრი ვნებები:„ცნობილია, ვისაც სიყრმეში არ გაუხარია, ვისაც ბავშვობაში სიჭაბუკე წამოსწევია, ხოლო სიჭაბუკეში შუაკაცობის ტვირთი, მას მარადჟამს თან დაჰყვება გაცდენილი სიყრმისა და სიჭაბუკის დარდი. ასეთნი მუდამ ჰკარგავენ წონასწორობას და ყოველთვის იმის ცდაში არიან, გვიან მაინც შეივსონ ეს დანაკლისი როგორმე.“.. მეფესაც შეეყარა მელანქოლია, გულდარდიანი გახდა და ვნებას ვერ ერეოდა. მოსაწყენი იყო მისთვის ყველა შეგონება და დარბაზობის ცერემონია, მას თავისუფლება სწყუროდა, ბავშვობაში დაკარგული სილაღის ტკივილი არ ასვენებდა.რამდენჯერ უნატრია მეფედ არყოფნა, უბრალო გლეხობა ერჩია გვირგვინს, რას არ დათმობდა, რას არ მისცემდა,ოღონდ შეძლებოდა. სწორედ ამიტომ დადიოდა მდაბიორის ტანსაცმელში გამოწყობილი, მიწისა და მტვრის სუნში გორიალობდა და დაღლას ვერ გრძნობდა, არ ეხამუშებოდა გლეხობა,პირიქით, ასე უფრო ბედნიერი იყო, უფრო კარგად გრძნობდა თავს და ტანჯვის წუთები ეუფლებოდა, როცა ისევ სკიპტრა უნდა აეღო ხელში და ქვეყნის საქმეები ემართა….ტრაგიკულია მეფე გიორგის პერსონაჟი, უბედურება იწვნია მეფემ- შეუყვარდა კოლონკელიძის ასული. ბედისწერაა ეს სიყვარული მისთვის…ვნება ახრჩობს, შლეგი ხდება, მაგრამ ამ სიყვარულის დასაპყრობად არასდროს არ დგამს ისეთ ნაბიჯს, რაც მის ქვეყანას ინტერესებს შეუბღალავს….განა არ შეეძლო მეფეს იმ ქალის ცოლად შერთვა, ვინც მოესურვებოდა? მაგრამ მან ეს არ იკადრა.შეუბრალებელია მეფე გირგი ამ დროს, შორენას მამას თვალები დასთხარა, საქმრო მოუკლა, მიჯნური ღართისკარის ციხეში გამოკეტა….რა ქნას მეფემ? განა არ უყვარს? განა არ აწუხებს გრძნობები? განა გულქვაა, მაგრამ მეფეა და ეს უკვე ყველაფერს უსვამს ხაზს, მეფესავით უნდა განსაჯოს და პირადი სურვილები სამშობლოს კეთილდღეობას უნდა ანაცვალოს…უჭირს და მაინც აკეთებს, თავს ერევა და ვერც ერევა, სიმწრით იბოღმება და ყურში ჩაესმის მელქისედეკ კათალიკოსის სიტყვები: „მეფე ხარ და ხამს… მეფე ხარ და გმართებს…მეფე ხარ და გევალება…“…ვალდებულება აქვს რომ საკუთარი გრძნობები მიჩქმალოს…მეფის ვალდებულება…საბოლოოდ შეიწირა ამ ხვედრმა, არაადამიანურად დაუნდობელი გახადა უპასუხო სიყვარულმა…თუმცა იმედი ბოლომდე არ დაუკარგავს, მაინც სჯეროდა რომ შორენას გულს მოიგებდა…გაქრა მინდვრებსა და მთებში მოხეტიალე გლახუნა ავშანისძე, სასტიკი გახდა. გამძვინვარებულმა გაწირა ხუროთმოძღვარი თავისი, მარჯვენა მოჰკვეთა მას, ვისაც ტაძარი ააშენებინა, რადგან ვერ აპატია თავისთან გატოლება… ეკლესიაში მონაზვნად აღაკვეცინა ერისთავის ასული, თავისი საბედისწერო სიყვარული…დამარცხდა თუ გაიმარჯვა მეფემ? მე მაინც ვფიქრობ რომ დამარცხდა ვნებებთან ჭიდილში, საკუთარი სურვილით დათრგუნული და პირადულ ინტერესებზე უარის მთქმელი, როგორც მეფე მართლა იმარჯვებს? მეფის სკიპტრა ვერ ანაცვალა სიყვარულს გიორგიმ და შორენას სიტყვა მართებული გამოდგა:“ „ვინც სიყვარულს ყველაფერს ვერ შესწირავს, იგი მარტოსულიაო, იცოდე“…მარტოსული იყო მეფე გიორგი და ასეთად დარჩა იგი ბოლომდე. გაორებული და შინაგანად განადგურებული….მარტოსული იყო და მარტოსული მოკვდა… საოცრად მძიმეა რჩეულთა ხვედრი. გიორგი I არ მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა რიგს, სამეფო გვირგვინში რომ ხედავდნენ არსებობის მიზანს….მას სიყვარული უნდოდა და ნაცვლად სიყვარულისა, უდიდესი ტკივილი და იმედგაცრუება იწვნია, სიყვარულის გარეშე შერთულ ცოლთან კი შვილების გარდა საერთო არაფერი აკავშირებდა…მეფეს მხოლოდ გონებით უნდა ემოქმედა,მას არ ჰქონდა უფლება გრძნობებს აჰყოლოდა. ქვეყნის ერთიანობა კი უმთავრესი იყო და სხვა ვერანაირი გრძნობა თუ სურვილი ვერ გადაწონიდა მას….სიყვარული ხომ თავად მორჩილებაა და რა მნიშვნელობა აქვს მისთვის ვინ უნდა დაემორჩილოს მას, მეფე თუ ხუროთმოძღვარი… ერთ სიყვარულს შეეწირა სამი ადამიანი, სამივეს ბედი ტრაგიკული აღმოჩნდა და სამივე დამარცხებული, ვერც ერთმა ვერ დააყენა პირადი გრძნობები სხვა საგნებზე მაღლა და საბოლოოდ რა შერჩათ?- განწირული სიყვარული…“სიყვარული თავად ღმერთიაო, ამბობს კონსტანტინე - ღმერთი კი არა სიკვდილი, რადგან მას დაუმკვიდრებია სიყვარული სამარადჟამოდ, ვისაც სიკვდილის საფასით შეუსყიდნიაო იგი“…სიყვარული სიკვდილ-სიცოცხლეს შორის გადებული ხიდი აღმოჩნა შორენასთვის, არსაკიძისთვის და გიორგი მეფისთვის, რადგან მათ საკუთარი სიცოცხლე ღმერთს ანაცვალეს მხოლოდ…თუმცა საბოლოოდ მარადისობა არსაკიძემ დაიმკვიდრა სვეტიცხოვლით და სძლია წარმავლობას, „ათასეული წლები წალეკავენ ირგვლივ ყოველივეს,მხოლოდ სვეტიცხოველი დარჩება როგორც ღმერთთან და სიკვდილთან მებრძოლი იაკობი…“ უმთავრესი მაინც საქართველოა,მუდამ დანაწევრების მოლოდინში მყოფი სამშობლოს ერთიანობა და მასზე ზრუნვა ამართლებს მეფე გიორგის ყველა მოქმედებას ჩემთვის…განზე გადადო და ვერც გადადო სიყვარული, მუდამ შინაგან გრძნობებს ებრძოდა და მაინც ცდილობდა არ წაქცეულიყო, ყვავ-ყორნების საჯიჯგნად არ გაეხადა სამშობლო, რომლის წინაშეც სულ პატარამ, 12 წლისამ დადო ფიცი და მას მერე არასოდეს უღალატნია ამ ფიცისთვის…განა რას ფიქრობდა? რა აწუხებდა? რას ვერ ამბობდა და რას განიცდიდა მეფე გიორგი?…დღემდე მაწუხებს ეს კითხვები, მახსოვს, ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, საერთოდ მოვწყდი რეალობას, მეც იმ საქართველოში ვიცხოვრე, სადაც გიორგი მეფე და შორენა ცხოვრობდნენ, სადაც არსაკიძის სვეტიცხოველი იგებოდა, მეც იმ მინდვრებში დავდიოდი, სადაც რომანის გმირები დასეირნობდნენ, იმ ციხეში ვიყავი, სადაც შორენა იყო გამოკეტილი და მის ტკივილი მეც მტკიოდა…და არა მარტო მისი, არასოდეს გამჩენია ასეთი გრძნობა არც ერთი სხვა წიგნების პერსონაჟების მიმართ, ყველას მდგომარეობას განვიცდიდი და ვაფასებდი…მას მერე ძალიან დიდი დრო გავიდა და მე დღესაც ზუსტად იმავეს ვგრძნობ მათ მიმართ და დღესაც მტკივა….დღესაც ჩემი გმირი გიორგი მეფეა და არა არსაკიძე… ტრაგიკულია გიორგი I–ის ბედი, მან საბოლოოდ ხარკი გადაუხადა თავის ქვეყანას, ვალმოხდილად წავიდა ამ ქვეყნიდან, ისე, რომ სიკვდილის წუთებში მეფედ არ უგრძვნია თავი, სავსებით გათავისუფლდა სავალდებულო ტვირთისაგან და აღსარება ჩაგვაბარა სულშიჩამწვდომი, რომელიც ყველა დროის რეალობას ასახავს სამწუხაროდ…ძალიან მწყინდა როცა ტირანულ სახელმწიფოში ხელოვანის ბედს უფრო აფასებდნენ, ვიდრე ჩემი გმირისას…შეიძლება სუბიექტური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხისადმი, მაგრამ ეს სუბიექტურობა დღემდე ჩემშია…პირველ რიგში ადამიანი იყო გიორგი და შემდეგ მეფე…ორივე ძალიან საპასუხისმგებლო ტვირთია და ორივეს ღირსეულად გაართვა თავი…ადამიანურად უყვარდა, ადამიანურად ებრძოდა სისუსტეებს, ადამიანურად აიტანა უდიდესი ტკივილი…მხოლოდ 25 წელიწადში ჩაატია ეს ყველაფერი, ჩაატია ის, რასაც თაობები ოთხი 25 წელი ვერ ჩაატევენ…მარტოსული იყო და მარტოსული დაიბრუნა ქართულმა მიწამ ტარგიკული შვილი, რომელმაც ჭაბუკობაშივე დაიმკვიდრა სამუდამო სახელი :“ „მეფეთ მეფე გიორგი მესიის მახვილი“… მისი სიკვდილიც განსხვავებული იყო, მან ყველა ცოდვა მოინანია სიკვდილისწინა აღსარებით და დაგვიტოვა ყველა დროის, ყველა ეპოქის ჭეშმარიტი სურათი…“მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, როგორც მეფეს, ისე როგორც კაცს, თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია. ვაჟკაციც ვიყავი და მშიშარაც, კეისარს ვებრძოდი, მეშინოდა ხვიარის ფესვებისა, გულზვიადიც ვიყავი და ლოთიც, მაგრამ ჩემი ხალხისათვის არასოდეს მიღალატნია, პიპა. ჩვენი უბედურება ამჟამადაც ეგაა: ჩვენში მოღალატენი სჭარბობდნენ ერთგულებს, განა თუ სხვისი, საკუთარი თავისა, თავის ხალხის მოღალატენი, კარგად ვიცი თვით ჩემს მსტოვარებში ნახევარი ბიზანტიელებსა ჰყავდათ შესყიდული, ნახევარი - სარკინოზებს. როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს მას, პიპა. ბასიანთან აზნაურებს რომ არ ეღალატნათ, იქაც ვძლევდი ბასილი კეისარს, იცოდე. თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა, მაკედონელიც ვერ უშველის, პიპა, რადგან ჯერ არსად გაუმარჯვნიათ მშიშარებსა და მსტოვარებს. სიყრმე და სიჭაბუკე საქართველოს შევალიე, მაგრამ ქართლელები “აფხაზს” მეძახდნენ, ხოლო აფხაზები - “ქართლელების მსტოვარს” მიწოდებდნენ ბაგრატოვანს, ლაზს. დამანელა აზნაურებისა და სარდლების კინკლაობამ, პიპა. ჩვენში ყოველ ნაბიჭვარს აზნაურობა სწყურია, ყოველ ნაცარქექიას - სარდლობა. მუდამ ბიზანტიელებს ეგებოდნენ ფეხქვეშ ჩვენი სულელი აზნაურები და ღორმუცელა ეპისკოპოზები, მეფეები მწვანე ეტლებს მიეტრფოდნენ და ბიზანტიურ ხარისხებს, ამიტომაც არ მიყვარდა პაპაჩემი - გურგენ მაგისტროსი, მამაჩემი - ბაგრატ კურაპალატი, და მცხეთიდან გაქცევის წინაღამეს ჩემს ვაჟს წავეკიდე, ბაგრატს. ჩვენი უბედურება ეგაა: სხვის ფანდურზე ბუქნაობა გვიყვარს, ამიტომაც მუსრს ავლებდა საქართველოს სხვის ქვეყნებში ატეხილი ჭირი. ხალხიც აზნაურებს ბაძავდა, პიპა, ამიტომაც მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს - “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც - “ბერძნულს”. სიმთვრალეში კარგი ვაჟკაცები ვართ და კარგი რიტორები, პიპა, ეგაა ოღონდ - სიფხიზლის დროს ჩადენილი ცუდკაცობა სიმთვრალეში გვავიწყდება ხოლმე, ხოლო ქეიფის დროს დანაქადები უკვე აღარ გვახსოვს გამოფხიზლებულთ. მეც მჭირდა ეგ სენი, პიპა, სიმთვრალეში მოვაკვლევინე ფხოველებს დედიჩემის დისწული გირშელ, თრიაქით მთვრალმა. ოდითგანვე ასე მოგვდგამს ქართველებს: მუდამ ჩვენს სიმცირეს მივსტიროდით, რადგან მტერი აურაცხელი გვყავდა მუდამ, მაგრამ დიდი კაცი თუ გამოგვერია. მას ისე დავკორტნით, როგორც დაკოდილ ძერას ყვავები”. მცირე ხანს დადუმდა თვალდახუჭული, უცნაურად დაემანჭა სახე. ისევ გადაედო მკვდრისფერი, მერმე გაახილა თვალები და ეუბნება უშიშარაისძეს: “ახლა ადექი, პიპა, მღვდელთაგანი მომგვარე ვინმე, არ მიყვარს პამპულა ეპისკოპოზები, უბრალო დიაკვნის პუტუნი მენატრება, პიპა”. გავიდა უშიშარაისძე, ვიღაც ახმახი დიაკონი გამოსძებნა სოფელში, როცა გიორგის სამყოფლოს მიეახლა, გამოექცა დიაკონს, სვეტს მიეყრდნო და ზლუქუნებდა ეს ვეება ვაჟკაცი ბნელში. თავზე წამოადგა დიაკონი მომაკვდავს, ცალ ხელში დავითნი ეჭირა, ცალშიაც - ანთებული კელაპტარი და პუტუნებდა: “ღმერთო, სულთა და ყოველთა ხორციელთაო, რადგან სიკვდილი განაქარვე და ეშმაკი დასრთგუნე და ცხოვრება სოფელსა მიანიჭე, შენ, უფალო, განუსვენე სულსა მონისა ამის შენისასა (სახელი და გვარი გამოსტოვა, რადგან არც კი იცოდა, ვის უკითხავდა სულთათანას) ადგილსა ნათლისასა, ადგილსა მწვანილოვანსა, ადგილსა განსასვენებელსა, სადა იგი არა არს სალმობაი, მწუხარებაი და სულთქმაი და ყოველნი ცოდვანი ამის მიერ ქმნილნი საქმითანი, სიტყვითნი და მოგონებითნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან შეუნდენ, რამეთუ არა არს კაცი, რომელი ცხოვნდეს და არა სცოდოს, რამეთუ შენ უცხო ყოვლისაგან ცოდვისა ხარ და სიმართლე შენი სიმართლეა საუკუნო და სიტყვა შენი ჭეშმარიტ.” გიორგი იწვა გულზე ხელდაკრეფილი, ხოლო ზემოტუჩი უტოკავდა ნელა, სულ ნელა, თითქოს ეჩურჩულებაო ვიღაცას. წაიბუტბუტა: “მომიცადე, დედა!” პიპას ზლუქუნი შემოესმა გარედან, თვალი გაახილა, დიაკონი უშიშარაისძე ეგონა, ხოლო ანთებული კელაპტარი - ცეცხლისმფრქვეველი ხმალი. ეუბნეა: “რა გატირებს, დამკარი, შე უღმერთო, ეგ ხმალი, ბარემ გათავდეს ეს ცხოვრება, პიპა”. ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები ამქვეყნად. როცა ქუთაისში ასაფლავებდნენ მის ცხედარს, საშინელი წვიმა იყო და ქარი ჰქროდა. პირველად ერთ მესაფლავეს წამოცდა სიმართლე მისი უთავჟამო და ბობოქარი ცხოვრების გამო. როცა მოტირალები, დიდებულები და მოსეირენი წავიდ-წამოვიდნენ, მოხუცმა მესაფლავემ ეს უთხრა ახალგაზრდას: “არც სიკვდილში ჰქონია გიორგი მეფეს ბედი”.
საუკუნეების გადასვლის შემდეგაც არ დაეკარგება ფასი ამ სიტყვებს…თაობები ყოველთვის წაიკითხავენ „დიდოსტატის მარჯვენას“ და ისევე როგორც ჩვენ, ისინიც დაინახავენ ადამიანური თვისებების ჭიდილში ღირსებაშეულახავი, მსხვერპლად შეწირული სიყვარულისა და სამშობლოს ერთგულებით თავდადებული ტრაგიკული პერსონაჟების ხვედრს…ვისთვის შორენა… ვისთვის არსაკიძე…ჩემთვის კი… მაინც მეფე გიორგი!!!…

0 comments:

Post a Comment