სვეტიცხოველი





შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების არც ერთ ძეგლზე არ არის შექმნილი იმდენი ლეგენდა ან გადმოცემა, რამდენიც სვეტიცხოველზე (და თითქმის ყოველი მათგანი რეალური ისტორიული მოვლენიდან იღებს სათავეს). პირველმა ლეგენდამ, თუ ლეგენდებით შეზავებულმა ისტორიულმა სინამდვილემ, იმ დროისთვის ჯერ არარსებულ ეკლესიას მიაკუთვნა სახელი – სვეტიცხოველი, სახელი, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ქართული ქრისტიანული კერის განუყოფელი ნაწილი იყო. “წმინდა ნინოს ცხოვრების” მიხედვით, იერუსალიმში, გოლგოთის მთაზე ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ ქრისტეს პერანგი წილად ხვდა მცხეთელ ებრაელს ელიოზს. “მიხვდა წილითა კვართი უფლისა ჩვენისა ელიოზს” და როგორც უწმინდესი რელიქვია, “მიიღო იგი მცხეთად”. მცხეთაში მას მისი და – ქრისტიანული რელიგიის მიმდევარი სიდონია დახვედრია, რომელსაც აუღია კვართი: “…იმთხვია რა პირსა და დაიდვა მკერდსა და ხმა ყო ცრემლით და აღმოუტევა სული“. ელიოზმა სიდონია “კვართითურთ დაკრძალა” მცხეთაში, იმ ადგილზე, სადაც დღეს სვეტიცხოვლის ტაძარია აგებული. საფლავზე ამოსულა “ხენი იგი კვიპაროზნი” (სხვა წყაროებში – ლიბანის კედარი ან ნაძვი). მას შემდეგ, რაც მეფე მირიანმა იწამა წმ.ნინოს მიერ ნაქადაგები სარწმუნოება და ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად იქნა აღიარებული, ეკლესიის ასაგებად მოჭრეს ხე, მაგრამ ერთი სვეტი ვერ აღმართეს, “რამეთუ საღმრთო ძალი აყენებდა”. მას შემდეგ, რაც საქართველოს განმანათლებელმა წმ. ნინომ მთელი ღამე ლოცვაში გაატარა, სვეტი ჰაერში ორი კაცის სიმაღლეზე გაჩერდა და “გამოსცემდა ბრწყინვალებასა და ფრიადსა სულნელებასა”. განთიადისას “სვეტი იგი ნათლით შემოსილი მცირე-მცირე ჩამოდიოდა და ძირთავე მისთა ზედა დაემყარა”. ეს სვეტი სასწაულმოქმედი იყო, მას მირონი სდიოდა და დავრდომილნი მასთან მიკარების შემდეგ განიკურნებოდნენ. ეს იყო სასწაულმოქმედი “სვეტი ცხოველი”, სვეტი, სიცოცხლის მიმნიჭებელი. V საუკუნის მეორე ნახევარში, მას შემდეგ, რაც ანტიოქიელი პატრიარქის მიერ ნაკურთხი თორმეტი ეპისკოპოსი და პეტრე კათალიკოსი მცხეთაში მივიდნენ, “მეფემან ვახტანგ ააშენა ეკლესია მოციქულთა სვეტი ცხოველი”. ამ ნაგებობის გეგმა გარიკვა სვეტიცხოვლის სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ (გეგმა გრაფიკულად აღადგინა ვახტანგ ცინცაძემ). ეს ნაგებობა ბოლნისის სიონის მსგავს სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენდა და მასზე მნიშვნელოვნად დიდი იყო. აქაც, ისევე როგორც ბოლნისში, ნავების გამყოფი სვეტების ხუთი წყვილი იყო, აქაც შვერილი აფსიდია, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ბოლნისის მსგავსად, აქაც გალერეებია მიშენებული. გორგასლისეულ ბაზილიკას ჩვენამდე არ მოუღწევია. მოგვიანებით, გუმბათიანი ტაძრის აგებისას, მისმა ოსტატმა არსაკისძემ ბაზილიკის არსებული ფრაგმენტები გამოიყენა (აღმოსავლეთის ფასადზე – ხარის თავები, გუმბათქვეშა ბურჯის საფუძველში, დღევანდელ იატაკის დონეზე დაბლა, ჩატანებული ორნამენტული ქვის ფრაგმენტები). სვეტიცხოვლის დღევანდელი კათედრალური ტაძარი XI საუკუნის პირველ ნახევარშია აგებული. საქართველოში მშენებელი იშვიათად აწერდა თავის სახელს ეკლესიას, რის გამოც მრავალი მშენებლისა და დამკვეთის სახელი სამუდამოდაა დაკარგული. სვეტიცხოველი ამ მხრივაც გამორჩეული ძეგლია. ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადზე სამშენებლო წარწერამ შემოგვინახა დამკვეთის – მელქისედეკ კათალიკოსისა და ხუროთმოძღვრის არსუკისძის სახელები: “ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზი, ამენ. აღაშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითაო, ღმერთმან განუსოვენე სულსა მისსა“.
     1970–1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიაკვლიეს მისი საძირკვლის კვალს. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის განმავლობაში სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ ტაძრის გუმბათი აღადგინა. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ – მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით, გუბათის ყელი კვლავ აღადგინეს.
    სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები 57,7 X 27 მეტრი; სიმაღლე 49 მეტრი). ტაძრის მშენებლობის მოთავე კათალიკოსი მელქისედეკი და ხუროთმოძღვარი არსუკისძე მოხსენიებული არიან ტაძრის წარწერაში - აღმოსავლეთ ფასადზე, შუა დეკორატიული თაღის ქვემოთ, თორმეტ დისკოზე („ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზ ამენ აღეშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითა ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა“) და ჩრდილოეთის ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე („ხელი მონისა არსუკისძისაი შეუნდვეთ“), რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფით. სავარაუდოა, რომ ამ რელიეფმა და წარწერამ წარმოშვა ლეგენდა იმის შესახებ, რომ სვეტიცხოვლის ოსტატმა აჯობა მასწავლებელს, რისთვისაც მას ხელი მოჰკვეთეს. ასევე წარმოიშვა ხალხური ლექსიც: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“.
   XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია: ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე, სარკმლის სამხრეთით – სცენა სახარებიდან: ქრისტე და სამარიტელი ქალი, შუა ნავის სამხრეტ დასავლეთ თაღზე -მცენარეული ორნამენტი და სამხრეთი ნავის კამარაში – გაურკვეველი სცენის ნაშთები. დანარჩენი მხატვრობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბლებზე შემდგარი ორი ქერუბიმი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. ახლანდელი მოხატულობა XVI, XVII და შესაძლოა XVIII საუკუნეებისაც იყოს. განახლებულია XIX საუკუნეში. უფრო საინტერესოა ტაძრის შიგნით, საკუთრივ “სვეტის” (კოშკისებური ნაგებობის) XVII საუკუნის მიწურულს მხატვრობა. სვეტიცხოვლის საკურთხევლის მარჯვენა მხარეს ნათლად ჩანს ჰოროსკოპის მოხატულობა.
     საუკუნეების განმავლობაში სვეტიცხოველი წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე-დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი, ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა საძვლე.
                                                            სხალტბის ეკლესია




                                                                   აია სოფია


















0 comments:

Post a Comment